„მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადოლფ ჰიტლერის ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის მსგავსად, ისტორიას დარჩება, როგორც ფაშიზმი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
როგორც ის აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო კი არ უნდა დაიშალოს, არამედ, საბოლოოდ უნდა დასრულდეს.
„ევროპაში ნაციზმის იდეოლოგია პოლიტიკურ დანაშაულად აღიარეს. ასევე უნდა ვაღიაროთ საქართველოშიც „ნაციონალური მოძრაობის“ მტრული იდეოლოგიაც. ნაციონალური მოძრაობა მარტო კი არ უნდა დაიშალოს, არამედ, საბოლოოდ უნდა დასრულდეს. პარტიიდან კადრების გადინება და შიდა დაპირისპირება მცირეა იმასთან შედარებით, რასაც იმსახურებენ. დროა, საქართველოს უახლესი მოვლენებიც იქნეს შესწავლილი და შეფასებული. თუ წარსული სწორად არ შევაფასეთ, მომავალს ვერ შევქმნით. ევროპის მსგავსად, საქართველოც უნდა გათავისუფლდეს ნაცისტური იდეოლოგიისგან, როგორც პოლიტიკური დანაშაულისგან“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.