„ბოლომდე ვიდგები ჩემი პოლიციელების დასაცავად, ნებისმიერი ჩემს ხელთ არსებული საშუალებებით დავიცავ მათ უფლებებს",- განაცხადა გადაცემა „იმედის დროში" საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.
„ჩვენ სისტემაში 40 000 -მდე ადამიანი მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ სრული უმეტესობა ამ ადამიანების არის პროფესიონალი და თავისი ქვეყნის პატრიოტი. არ შეიძლება, რომ ერთეული შემთხვევები გავავრცელოთ მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ჩირქი მოვცხოთ სხვა პოლიციელებს.
ასე ხელაღებით არავის არ მივცემ უფლებას, რომ პოლიციელებს მიაყენოს შეურაცხყოფა და ერთი თუნდაც უღირსი პოლიციელის გამო, გაისვარონ სხვა პოლიციელები. მე არ მყავს კონკრეტულად არავინ მხედველობაში, ზოგადად ვასუბრობ. ბოლომდე ვიდგები ჩემი პოლიციელების დასაცავად, ნებისმიერი ჩემს ხელთ არსებული საშუალებებით დავიცავ მათ უფლებებს, ხოლო ისინი ვინც არღვევენ, უგულვებელყოფენ ადამიანის უფლებებს, იმათ საკადრისი პასუხი გაეცემათ. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ მე ოდესმე ვინმესთვის ხელი დამიფარებია. ვერავინ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავისზე, რადგან ჩვენი ხელისუფლების მეთოდები ეს არ არის. თუკი ვინმე იმხილება დანაშაულში, ჩვენ ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.