სექტემბრის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალტექნოლოგიური ვიდეომეთვალყურეობის ცენტრს გახსნის.
მინისტრის განცხადებით, პროექტზე 6 თვეა, მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. მღებრიშვილმა პროექტს „ახალი სიტყვა" და „რევოლუციური" უწოდა.
„ეს არის ვიდეომეთვალყურეობის მონიტორინგის სისტემების განვითარება ქვეყნის მასშტაბით - ეს ვიდეოკამერები არის აღჭურვილი ანალიტიკური პროგრამებით, რაც მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებს პოლიციელს საქმიანობას, ასევე, საკმაოდ ეფექტურია კრიმინალთან ბრძოლის საქმეში. მე ხელთ მაქვს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ეს ტექნოლოგიები არის დანერგილი - ლონდონში 4 წლის განმავლობაში 416 000-დან დანაშაული შემცირდა 121700-მდე, ნიუ იორკში 15%-ით, ჩიკაგოში კი 26%-ით დაიკლო.
პირველი ეტაპი 30 სექტემბრისთვის სრულდება და მოგიწვევთ მაღალტექნოლოგიური ვიდეომონიტორინგის ცენტის გახსნაზე", - აღნიშნა შს მინისტრმა.
„მე გეგმაში მაქვს, რომ პერიოდულად ამ ცენტრში მოვიწვიოთ სტუდენტები, მოსწავლეები, რომლებიც თავად ნახავენ, თუ რა მეთოდებით ვებრძვით ჩვენ კრიმინალს და რა საშუალებები გვაქვს",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ცენტრის პრეზიენტაცია 30 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.