"ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინის მაღალი რანგის სამხედრო პირები აღიარებენ, რომ ომი ჩიხში შევიდა," - წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი სტატიაში სათაურით არასწორი გათვლები, უთანხმოება კონტრშეტევის დაგეგმვაში.
"2023 წელი დასავლეთის მტკიცე განწყობით დაიწყო, უკრაინის ძალები ძალიან თავდაჯერებულნი იყვნენ, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი გადამწყვეტ გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, თუმცა ახლა გაურკვევლობაა ყველა მიმართულებით. უკრაინაში სულისკვეთება სუსტდება. საერთაშორისო ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. უკრაინის მხარდამჭერებს შორისაც კი იზრდება პოლიტიკური თავშეკავება, მეტი წვლილი შეიტანონ ამ სარისკო საქმეში", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველა ეს ფაქტორი უკრაინის გამარჯვებას უფრო ნაკლებად სავარაუდოს ხდის, ვიდრე მრავალწლიან ომსა და ნგრევას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კონტრშეტევის არადამაჯერებელი პირველი თვეები უკრაინის დასავლელ მხარდამჭერებს მომავლის შესახებ გამოსაფხიზლებელ კითხვებს უსვამს მაშინ, როდესაც ზელენსკი პირობას დებს, რომ იბრძოლებს მანამ, სანამ უკრაინა არ აღადგენს საზღვრებს 1991 წლის მდგომარეობით.
"ამას წლები და ბევრი სისხლის დაღვრა დასჭირდება. უკრაინა მზად არის ამისთვის? როგორია შედეგები ადამიანური რესურსისთვის? ეკონომიკური შედეგები? რა გავლენას მოახდენს ეს დასავლეთის მხარდაჭერაზე?" - განუცხადა The Washington Post-ს ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა.
"მიმდინარე წელი სრულდება იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უფრო დარწმუნებულია, ვიდრე ოდესმე, რომ მას შეუძლია დაელოდოს მერყევ დასავლეთს და სრულად შთანთქოს უკრაინის ტერიტორია, რომელიც უკვე დაიპყრო მისმა ჯარებმა", - წერენ სტატიის ავტორები.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ და დასავლელი პარტნიორები წერტილოვან კონტრშეტევას ემხრობოდნენ, რათა რუსეთი ყირიმისგან მოეკვეთათ, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დაჟინებით ითხოვდა ოპერაციის მთელი ფრონტის ხაზზე ჩატარებას. გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე მიიჩნევდნენ, რომ საბოლოოდ უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპებოდა, თუ უკრაინა ვერ განახორციელებდა გადამწყვეტ შეტევას და კონფლიქტი გაჭიანურებულ ომად გადაიქცეოდა.
"ამერიკელები დიდი ხნის განმავლობაში ეჭვქვეშ აყენებდნენ კიევის გადაწყვეტილებას, შეენარჩუნებინათ ძალები ალყაში მოქცეულ ქალაქ ბახმუტის გარშემო. [...] უკრაინელი ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ მათ სჭირდებოდათ ძლიერი საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება ბახმუტის რაიონში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი შეეცდებოდა ხარკოვის რეგიონის ნაწილების დაკავებას", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს სურდა, რომ უკრაინას კონტრშეტევა აპრილის შუა რიცხვებში დაეწყო, რათა რუსეთის მიერ პოზიციების გამაგრებისთვის ხელი შეეშალათმ, თუმცა უკრაინელები აცხადებდნენ, რომ დამატებითი შეიარაღებისა და წვრთნის გარეშე არ იყვნენ მზად შეტევისთვის.