logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საქართველო მიჰყვება იმ წესებს, რომელიც დაწესებულია, განსაკუთრებით, ფინანსურ სექტორში, ამიტომ აქვს სრული თანხვედრა სანქციებთან დაკავშირებით
- +

4 დეკემბერი. 2023. 23:25

"დედამიწაზე არის ორი ქვეყანა, სადაც სანქცირებულია ბატონი ფარცხალაძე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის საქართველო. ევროკავშირში არ არის სანქცირებული, ამით ყველაფერი ნათქვამია, საქართველო მიჰყვება იმ წესებს, რომელიც დაწესებულია, განსაკუთრებით, ფინანსურ სექტორში, ამიტომ აქვს საქართველოს სრული თანხვედრა სანქციებთან დაკავშირებით," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, არის თუ არა ფარცხალაძე საქართველოში.

 

 

„ფარცხალაძე თუ იმყოფება საქართველოში, იმყოფება, როგორც რუსეთის მოქალაქე. რაც შეეხება სხვა ბრალდებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას ამ საკითხზე, მათ შორის, ფარცხალაძეც გამოჰკითხეს, კონტაქტზე არიან აშშ-ში თავიანთ კოლეგებთან. სამწუხაროდ, არ ვიცი, ამ კონკრეტულ გამოძიებასთან რამდენად აქვთ ინფორმაცია, მაგრამ, მაგალითად, მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ, რომ აბსოლუტური იგნორირება არის საქართველოს სახელმწიფოსი, არანაირი ინფორმაცია მოწოდებული არ არის, პირიქით. დახურული სხდომის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გამოვიდა, მოგვახსენა ჩვენ, რომ ამერიკელი კოლეგები, ვისთანაც მათ ჰქონდათ კავშირი, ისინი აქეთ ეკითხებოდნენ, რამე ინფორმაცია ხომ არ ჰქონდათ. ამ შემთხვევაში სასამართლოს ვგულისხმობ. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც, მათ შორის, გამოძიება და დასკვნები არ ემყარება ჭორებს. ასე რომ, ყველაფერს სჭირდება მტკიცებულება. ამ კონკრეტულ გამოძიებაზე ვერაფერს ვიტყვი. ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს, შეგიძლიათ, მათ ჰკითხოთ. რაც ვიცით ჩვენ, დღემდე იყო, რომ რაიმე დამატებითი ინფორმაცია, მტკიცებულება მიწოდებული არ იყო.

 

 

მე არ ვიცი, ვინ ჩამოვიდა, ვინ არა, მაგრამ, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი სუბიექტის ინტერესით, ეს არის ქართველი ხალხი და ამ ინტერესებიდან გამომდინარე არის მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო რუსეთმა აგრესიული ომი. ის, რომ ქართველი ხალხის სახელით ვმოქმედებთ და მის ინტერესებში, დასტურდება იმ თანხმობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხისგან ამ პოლიტიკის განხორციელებით. ამ პოლიტიკამ უზრუნველყო სწორედ ის, რომ საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხოების სათანადო სტანდარტს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა ვართ, სადაც ორი ტერიტორია არ არის ჩვენი პირდაპირი კონტროლის ქვეშ, მიუხედავად ამისა, გვაქვს უსაფრთხოების ის დონე, რომელიც საკმარისია ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ასამაღლებლად. ბევრს აქვს მცდელობა, იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებაზე, სხვადასხვა ინტერესი ყოველთვის იკვეთებოდა საქართველოში ისტორიულადაც და ეს ისტორია მეორდება, მათ შორის, ახლა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ, მგონი, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაამტკიცა ერთი რამ, რომ ერთადერთი სუბიექტი, ეს არის ქართველი ხალხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner