logo_geo
eng_logo
POLITICO: „კატარგეითის“ გამოძიების მასალები ევროკავშირის დემოკრატიის მანიპულირების 300-ზე მეტ სავარაუდო მცდელობას ავლენს
- +

5 დეკემბერი. 2023. 00:34

ამერიკული გამოცემა POLITICO ევროპარლამენტში „კატარგეითის“ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს სათაურით „კატარგეითის“ ფაილები: ასობით გაჟონილი დოკუმენტი ევროკავშირის კორუფციული სკანდალის მასშტაბებს ავლენს და წერს, რომ გამოძიების მტკიცებულებები ევროკავშირის დემოკრატიის მანიპულირების 300-ზე მეტ სავარაუდო მცდელობას ავლენს.

 

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ძირითადი ეჭვმიტანილები, მათ შორის ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ანტონიო პანცერი და მისი თანაშემწე, ფრანჩესკო ჯიორჯი, ოთხი წლის განმავლობაში ზედმიწევნით აფიქსირებდნენ ევროპარლამენტის მანიპულირების სავარაუდო მცდელობებს.

 

 

მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ კატარში, მაროკოსა და მავრიტანიაში ეჭვმიტანილმა დამკვეთებმა დაახლოებით 4 მილიონი ევრო დახარჯეს ევროპარლამენტში გავლენების მოსაპოვებლად.

 

 

საქმის მასალებში დაფიქსირებული ქმედებები მოიცავს რამდენიმე ქმედებას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ევროკავშირის მუშაობაზე. კერძოდ, საუბარია ექვსი საპარლამენტო რეზოლუციის გაუქმებაზე, რომელიც გმობდა კატარში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას.

 

 

2022 წლის 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

 

 

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner