logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა
- +

12 სექტემბერი. 2016. 10:38


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი - გივი მიქანაძე წარუდგინა.



გიორგი მღებრიშვილმა აკადემიის რექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან ერთად შსს-ს აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირადად მისთვის პოლიციელთა განათლება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გიორგი მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი რექტორი შსს-ს აკადემიის განვითარებას და რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს წარმატებით გააგრძელებს.



გივი მიქანაძემ შს მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ახლო მომავალში დაიწყება: შსს-ს აკადემიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შექმნა; ინოვაციური მეთოდოლოგიისა და ახალი პროგრამების დანერგვა; საგამომცემლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.



სამართლის ექსპერტი გივი მიქანაძე შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, სისხლის სამართლის თანამშრომლობის დეპარტამენტში, მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. იგი აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის, ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის დოქტორანტი და ესექსის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის სამართლის მაგისტრია. გივი მიქანაძე რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და პუბლიკაციის ავტორია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner