საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არაერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ტერიტორია არ არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.
როგორც პაპუაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო არის იმ ჯაჭვის ნაწილი, რომელიც ეხმარება ევროკავშირსა და ნატო-ს, რომ სანქციები ეფექტურად აღსრულდეს.
„მათ შორის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულმა ევროკომისიის დასკვნამაც კიდევ ერთხელ მოსპო ყოველგვარი საფუძველი სპეკულაციებისთვის, რომელიც სამწუხაროდ, ისევ ქართულ წიაღში წარმოიშობა ხოლმე და შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში და პლატფორმაზე ხდება დეზინფორმაცია. ევროკომისიამაც 8 ნოემბრის დასკვნაში აღნიშნა, რომ ყველანაირი ძალისხმევა არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. იცით, რომ არსებობს ევროკავშირის, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების წარმომადგენლების ანგარიში ამასთან დაკავშირებით, რომ არ დასტურდება არცერთი ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის. სამწუხაროა, რომ სპეკულაციები წარმოიშობა ხოლმე საქართველოში, თუმცა, დღეს უკვე ამასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანი არავის აღარ აქვს. პირიქით, ამ მხრივ ყველა მადლიერია რომ საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არ იძლევა ამის საშუალებას, არამედ, თავის მხრივ, სხვა ქვეყნებიდან გამოპარულ გარკვეულ გზავნილებს აკავებს საქართველოს საზღვარზე. 2000-მდე ასეთი ტრანზაქცია გაჩერდა საქართველოს საზღვარზე იმიტომ, რომ გამოვლინდა ან სანქცირებული რაიმე საქონელი, ან კომპანიები, რომლებიც სანქცირებულები არიან. საქართველო არის იმ ჯაჭვის ნაწილი, რომელიც ეხმარება ევროკავშირს და ნატო-ს, რომ სანქციები ეფექტურად იყოს აღსრულებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.