logo_geo
eng_logo
მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში შეხვედრებს აგრძელებენ
- +

5 დეკემბერი. 2023. 21:27

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებენ.

 

 

ვიზიტის ფარგლებში მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროსა და პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

 

შეხვედრაზე პროფესიული განათლების შესახებ იმსჯელეს. განიხილეს გერმანული პროფესიული განათლების დუალური მოდელი და კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში.

 

 

ასევე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში დაწყებული თემატური მოკვლევის შესახებ, რომელიც პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის ანალიზსა და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრას ეხება.

 

 

„გერმანიას პროფესიული განათლების ერთ-ერთი უნიკალური მოდელი აქვს, რაც გულისხმობს კერძო, საჯარო და აკადემიური სექტორის თანამშრომლობას. საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა მორგებულია გერმანული დუალური განათლების მოდელს და ამ მიმართულებით დამატებითი რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღგვითქვეს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში პროფესიულ განათლების განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

 

 

შეხვედრაზე მომავლის პროფესიების განსაზღვრის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, იმ მოდელის გადმოტანა საქართველოში, რომლითაც გერმანელები სამომავლო პროფესიებს განსაზღვრავენ, საინტერესო იქნება.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი გააგრძელებს მუშაობას.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner