"ჩვენ გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. ელჩებს აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ასევე მათი სამხედრო განლაგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„აინტერესებდათ ეკონომიკური საკითხებიც, მათ შორის ის, რამდენად არის საქართველო დამოკიდებული რუსეთთან ვაჭრობაზე. ასევე ინტერესი იყო გამოთქმული ჩვენს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და სამოქმედო გეგმაზე. კერძოდ, როგორ ვხედავთ, ამ გეგმის შესრულების პროცესს. საუბარი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს როლზე. ასევე საუბარი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, მათ შორის, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ, თუ რა შეიძლება კიდევ მეტი გააკეთოს ნატო-მ საქართველოსთვის მანამ, სანამ ქვეყანა გახდება ნატო-ს სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა სამხარაძემ.