ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „კვირის პალისტრასთან" ინტერვიუში „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ოქრუაშვილზე საუბარს ერიდება, რადგან ქართველებისთვის ყოფილი მეგობრების კონფლიქტის მოსმენა ყოველთვის მძიმეა.
„თუმცა, სამწუხაროა, რომ მაინც ვერ ავცდი. ოქრუაშვილის და მისი დოკუმენტების ფრიალი უკვე ტრაგიკომედიას ემსგავსება. კარგად გვახსოვს მის მიერ სატელევიზიო ეთერში აფრიალებული დოკუმენტები ოპონენტების წინააღმდეგ - ცდილობდა, ხალხი ამ მეთოდით შეეშინებინა, თუმცა დღეს არაფერი გამოუვა", - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.
მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ბოლოს 2010 წელს მიუნხენში შემთხვევით შეხვდა და ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათი პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება.
„ერთმანეთს ცივად დავშორდით, ტელევიზიაზე კი არც გვისაუბრია. მხოლოდ იხუმრა, „რუსთავი 2"-ზე რა გავაკეთოთო და ასეთივე ირონიული პასუხი მიიღო.
ოქრუაშვილმა ჯერ ვერ ისწავლა, რომ სამხრეებზე არსებული ვარსკვლავებით ადამიანობა და პატრიოტიზმი არ ისწავლება. მითუმეტეს, როდესაც სააკაშვილის მმართველობის დროს დარიგებულ გენერლის წოდებებზეა ლაპარაკი. რაც შეეხება „პასტაპუსტობას", არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, თუმცა ოქრუაშვილის მხედართმთავრობა მეხვეწებოდა, ჩვენი თანაგუნდელი გახდიო. ღმერთს მადლობა, რომ ამ ცდუნებას გადამარჩინა.
ოქრუაშვილთან კონფლიქტი არასოდეს მქონია, უბრალოდ ვცდილობდი, ჩემი განსხვავებული ხედვების გამო მისგან მაქსიმალურად დისტანცირებული ვყოფილიყავი.
მასთან მეგობრობა ბევრ ქართულ ოჯახს ტრაგედიად ექცა - უმადური არა ვარ და ოქრუაშვილს მადლობას გადავუხდი საზოგადოების ინფორმირებისთვის. დიახ, მეგობრები აღარ ვართ, რისი თქმაც ადამიანურად ძალიან მიჭირდა.
რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ორი პასუხი მაქვს: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო და ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის", -განაცხადა ქიბარ ხლავაშმა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დოკუმენტი გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს არასოდეს ეკუთვნოდა. დოკუმენტის ავთენტურობა ქიბარ ხალვაშმა ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ის გაყალბებულია.