რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კითხვაზე, არის თუ არა მოლაპარაკებების საგანი ყირიმის მომავალი, განაცხადა, რომ ყირიმის მომავალი მოლაპარაკებების საგანი არაა.
„არა. მსგავს საკითხს რუსეთი არ განიხილავს. ეს საკითხი ერთხელ გადაიჭრა და მორჩა. ყირიმი რუსეთის ნაწილია. იქ რეფერენდუმი ჩატარდა. ჩვენ ცვლილება შევიტანეთ კონსტიტუციაში. ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი რუსეთის ფედერაციის ნაწილია", - განაცხადა მედვედევმა „ევრონიუსთან" ინტერვიუში.
მისივე თქმით, უკრაინის კრიზისი მინსკის შეთანხმებით უნდა გადაიჭრას.
„იგი სრულიად უნდა განხორციელდეს ყველა მხარის მიერ. ფაქტია, რომ რუსეთი ამისკენ მოუწოდებს ყველა მხარეს - სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მყოფ ძალებს და კიევს", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
მან ასევე დასავლეთთან კავშირებზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, რუსეთს სჭირდება მყარი და პროგრესული ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან.
„რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირი - იმ ქვეყნების ჯგუფი, რომელიც იმ კონტინენტზეა, რომელზეც ჩვენ. ამიტომაც ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი საერთო ევროპული იდენტობის, ისტორიისა და ღირებულებების წინაშე. მუდმივი დაძაბულობა კი კარგს არაფერს მოგვიტანს. თუმცა, ჩვენ გვითხრეს, რომ მათ ჩვენს გვერდით ყოფნა არ უნდათ. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები შერიგებისკენ უნდა გადაიდგას მათ მიერ, რომელთა ინიციატივითაც მოხდა გაუცხოება. რაც შეგვეხება ჩვენ, მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.