საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის დროის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ, ძებნაში მყოფ პოლიციელს ხელს ვერავინ დააფარებს.
„დემურ სტურიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას მარტივი მიზეზის გამო არ ვაკეთებ - საქმე წარმოებაში აქვს მთავარ პროკურატურას და მე არ ვარ უფლებამოსილი, დეტალები გავამჟღავნო.
მე დაველოდები გამოძიების შედეგებს, სასამართლოს განაჩენს და მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას ადგილზე, მენეჯმენტთან მიმართებაში.
რაც შეეხება იმას, თუ რას ვაკეთებთ მიმალვაში მყოფი პოლიციელის მოძებნის მიზნით - ჩვენ იმ სტანდარტულ პროცედურებს ვახორციელებთ, რასაც ძებნილი პირის მიმართ ვიყენებთ. სისტემაში 40 ათასი პოლიციელი მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების უმეტესობა, პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტია. არ შეიძლება, ერთეული შემთხვევის გამო, სხვა პოლიციელებს ჩირქი მოვცხოთ",- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.