ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს.
„ბევრი ჩვენი ევროპული პარტნიორი და ევროპელი ლიდერი, მათ შორის ვიქტორ ორბანიც, ბევრად უფრო მოსურნეა ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის, ვიდრე რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც დგას და დილიდან საღამომდე თავის ქვეყანას ვნებს და ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ლანძღავს. ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად სალომე სამადაშვილს ამაღი ღრმად ვარ დარწმუნებული. ნებისმიერი მხარდაჭერა, განსაკუთრებით უნგრეთის მთავრობის ამგვარი ცალსახა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული გზისა, არის შეუფასებელი. ვიქტორ ორბანი სამიზნეში არის ამოღებული და ეს უხერხემლო პოლიტიკოსები მას ასე უშვერად ლანძღავენ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით ბუდაპეშტშია. ვიცე-პრემიერის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან.