“გამოყარეს, გამოაძევეს ეს ხალხი პარტიიდან. ეს არის ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის შედეგი როდესაც პარტიას ან ამ ქვეყნიდან ძებნილი პირები მართავენ, ან მოქმედი და ყოფილი კრიმინალები”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
ცაგარეიშვილის თქმით, პარტიის დატოვების პროცესს ნიკა მელია ხელმძღვანელობს.
„პარტიის დატოვების ტენდენციის დრამატურგია კარგად არის ჩამოყალიბებული. მელია ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, ფინიშის სწორზე თვითონაც გამოჩნდება და ჩაუდგება სათავეში განდგომილებს. გამოყარეს, გამოაძევეს ეს ხალხი პარტიიდან. ეს არის ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის შედეგი როდესაც პარტიას ან ამ ქვეყნიდან ძებნილი პირები მართავენ, ან მოქმედი და ყოფილი კრიმინალები - ისეთები, როგორებიც არიან ადეიშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი. მათი ხელის ბიჭია ხაბეიშვილი. ბრძოლა მიმდინარეობდა შავი და თეთრი ფულადი ნაკადების გაკონტროლებისთვის“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ყოველდღიურად ტოვებენ. პარტიიდან გასვლის პროცესი გრძელდება. დღეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ხობის საკრებულოს 11 წევრი გაემიჯნა - მათ პარტია ოფიციალურად დატოვეს.