ევროპის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მომავლის ერთობლივი პაკეტით განხილვას არ გამორიცხავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
საუბარია იმაზე, რომ უნგრეთის პოზიციის გამო, რომელმაც შესაძლოა დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი, ხოლო საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, განხილული იქნას ერთობლივ პაკეტში.
როგორც დავით ქართველიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, „როგორც მინიმუმ, ეს ქვეყნები შესაძლებელია იყოს ლიტვა, ლატვია, ესტონეთი".
„მე ამაში არ მეპარება ეჭვი, იმიტომ, რომ თუკი ვინმე ევროკავშირში მთლიანად არის გადასული აი ამ გლობალური ომის პარტიის ზეგავლენის ქვეშ, ესენი არიან, პირველ რიგში, ეს [ლიტვა, ლატვია, ესტონეთი] ქვეყნები. ამ შემთხვევაში, მე როგორც საქართველოს რიგით წარმომადგენელს, ორბანთან კი არ მექნება პრეტენზიები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას აქვს უფლება უკრაინასთან მიმართებით თავისი ქვეყნის პოზიცია გააჟღეროს. მაგრამ, თუ ამ კონტექსტში შეიყვანეს კენჭისყრის საკითხი, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მებრძოლი მხარეები იქნებიან ისინი, ვინც ასე დააყენებენ საკითხს - ან სამივე ერთ პაკეტში (თუმცა სულ სხვადასხვა საკითხები იხილება), ან არავინ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.