„ხაბეიშვილის მიუღებლობა აქვს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ საკუთარ თანაპარტიელებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარიამ აღნიშნული კომენტარი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„ბავშვობაში ნანახი მაქვს, ყანებში საფრთხობელა იდგა ხოლმე და ჩიტები არ მიფრინავდნენ, არ კენკავდნენ მოსავალს. ალბათ ხაბეიშვილის სურათს სადაც ჩაარჭობენ, ყველგან იგივე ქიმიურ-ფიზიკური პროცესები განვითარდება. ამ ადამიანის მიუღებლობა აქვს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ საკუთარ თანაპარტიელებს. როგორი უთავმოყვარეო უნდა იყო ადამიანი, რომ მთელი პარტია აგიჯანყდეს, დეკლარირებდეს, რომ შენი ყოფნა არის პარტიის განხეთქილების, დაბეჩავების, მარცხის გარანტია და მყარად იდგე, ამტკიცებდე, რომ ის ერთადერთი ხარ, რომელსაც შეუძლია, „ნაციონალური მოძრაობა“ სამშვიდობოს გაიყვანოს.
ვთხოვ და კიდევ ერთხელ მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრად ჩაეჭიდონ ხაბეიშვილს, არსად გაუშვან. არა მხოლოდ თავმჯდომარის გადადგომას, არამედ პოზიციის გაუქმებასაც ითხოვენ. ანუ, ხაბეიშვილის თავით სიარულს უთავოდ სიარული ურჩევნიათ. არ ვიცი, ახლა ეს ხალხი როგორ გაერთიანდება. შესაძლებელია, ბოლშევიკურ და მენშევიკურ ფლანგად ჩამოყალიბდნენ. მათ ამის ღრმა ტრადიციები აქვთ, სულიერი ნათესაობა აქვთ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა ბოლშევიკურ და მენშევიკურ პარტიასთან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამასთან, ბექა ოდიშარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და პარტიის წევრების ამერიკაში ვიზიტს გამოეხმაურა.
„დარწმუნებული ვარ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ხაბეიშვილი გაღიმებული დაბრუნდება. რა 2024 წლის არჩევნებზე უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, რომელიც, პრაქტიკულად, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი აღარ წარმოადგენს. კაცი მაიკ პენსის, ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოღვაწის თანამდებობას ვერ იმახსოვრებს. ხაბეიშვილს ვინ და რაზე უნდა ელაპარაკოს სერიოზულად. შეიძლება, ამათ შესჩივლონ და თავიანთ ყალბ ნარატივზე ესაუბრონ, რამენაირად გამონახონ დრო თითო ფინჯანი ყავის შესმის დროს, ოღონდ ისიც საჯაროდ, სახალხოდ. ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან მძლავრი დიპლომატიური კორპუსი ჰყავს საქართველოში როგორც რიცხოვნობით, ისე შინაარსობრივად. არაჩვეულებრივი ელჩი ჰყავთ, რომელმაც აქტიურად დაიწყო მოღვაწეობა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების პირით და წყაროთი გაცილებით მეტს შეიტყობენ და აქვთ კიდეც ინფორმაცია, ვიდრე ამას ხაბეიშვილი მოახერხებს ესპერანტოზე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.