„ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს ადამიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით", - ეს კომენტარი „ქართული ოცნების" კანდიდატმა ხონში „ლელო 2014"-ში და შპს „ივერიაში" სტუმრობის შემდეგ გააკეთა. შპს „ივერიას" დამფუძნებელი ავეჯის წარმოებაზე მუშაობს და პარალელურად სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებითაა დაკავებული. მეპატრონის ვალერი ქათამაძის განმარტებით, სასათბურე მეურნეობის გასავითარებლად საჭირო 100 ათასი ლარი აგროკრედიტის ფარგლებში სახელმწიფოსგან ნულ პროცენტად მიიღო, რაც ბიზნესის ხარისხიან განვითარებაში დაეხმარა. კოოპერატივი „ლელო 2014" ყოველღიურად ერთ ტონა რძეს ამუშავებს. საწარმოში დღეისათვის ექვსი სახეობის ყველი იწარმოება, ასევე მზადდება კარაქი, ხაჭო და ყველა ტიპის რძის პროდუქტი, რომელიც სარეალიზაციოდ ადგილობრივ ბაზარზე გააქვთ. კოოპერატივში ათი ადამიანია გაერთიანებული და 25 თანასოფლელია დასაქმებული. სახელისუფლებო კანდიდატი დეტალურად გაეცნო მათ ბიზნესგეგმას და გაფართოებაში დახმარებას დაჰპირდა.
„თუ არ დავიზარებთ და კონკრეტული გეგმით მივმართავთ სახელმწიფოს, მივიღებთ იმ დაფინანსებას , რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროკრედიტის ფარგლებში გვთავაზობს. ბიზნესის განვითარებით კი დავეხმარებით საკუთარ ოჯახებს, სოფლებს, ქალაქებს და ქვეყანას. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს ადამიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით", - განმარტა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონის მცირე საწარმოების დათვალიერების შემდეგ.