"მთავარია, რომ დაიშალოს არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობა“, არამედ - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. რაც არ უნდა ამერიკაში გაემგზავროს ხაბეიშვილი, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, კეზერაშვილის უფროსები კეზერაშვილის ხელით შლიან „ნაცმოძრაობას“ და პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის დანიშვნა ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო.
„რა თქმა უნდა, სადაც ხაბეიშვილია თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე, შეუძლებელია, პარტია იყოს წარმატებული. ამიტომ იშლება ეს პოლიტიკური გაერთიანება. მთავარია, რომ დაიშალოს არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობა“, არამედ - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის და პარტიის წევრების აშშ-ში ვიზიტს, ირაკლი კობახიძის თქმით, არანაირი ამერიკული ვოიაჟი მას არ უშველის.
„ყველამ იცის, ვინ არის ხაბეიშვილი. ის არის უბრალოდ სიმბოლო იმ პროცესისა, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დაშლა. რაც არ უნდა ამერიკაში გაემგზავროს ხაბეიშვილი, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.