"16 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში. როდესაც ეკონომისტი ამტკიცებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 კაცის ჯიბეში, უბრალოდ მან არ იცის ეკონომიკა, "- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, გახარია ბოლო წლების განმავლობაში ტყუილებით გამოირჩეოდა.
„გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო, არ მახსოვს ეკონომისტია თუ არა, მაგრამ იყო ეკონომიკის მინისტრი. ვინც ოდნავ ერკვევა ეკონომიკაში, ის უბრალოდ ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გაკეთებს. ეკონომიკა იზრდება და თან იზრდება მასშტაბურად, იცით, რომ 16 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ ამ სამი წლის განმავლობაში და როდესაც ეკონომისტი ამტკიცებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 კაცის ჯიბეში, უბრალოდ მან არ იცის ეკონომიკა. ამით შეიძლება, მოატყუო საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მაგრამ თავმოყვარეობის ამბავია, რომ ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, სამარცხვინო ტყუილი არ აკადროს საზოგადოებას. სინამდვილეში, ეკონომიკის ზრდა არ ნიშნავს, რომ ფულის მასა იმატებს, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს, რომ ვითარდება ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ვითარდება წარმოება, მომსახურება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი გადანაწილდეს 20-25 ოჯახზე, მით უმეტეს, რომ მას საერთოდ არ ჰქონია საუბარი არც გვარებზე, არც არაფერზე. ეს არის ცარიელი ტყუილი. გახარიას სჩვევია ზოგადად ასეთი ტყუილების ლაპარაკი, ის გამოირჩეოდა ზოგადად ტყუილებით ბოლო წლების განმავლობაში. გახსოვთ, რაზე ააგო მან თვითმმართველობის არჩევნების დროს საკუთარი საარჩევნო კამპანია, ვითომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის რჩეული და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი მატყუარაა, ამ შემთხვევაში უბრალოდ, ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს სამარცხვინო ტყუილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.