"უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით არსებობს მხარდაჭერა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ვიცით, რომ საკითხს, რომელიც დეკემბერში დადგება დღის წესრიგში, ევროკავშირის საბჭოში სჭირდება კონსენსუსი, ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა. ჩვენ გვესმის უნგრეთის პოზიციები, რომელიც გამოითქმის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. რაც მთავარია, ჩვენთვის აქ ამოსავალი ის არის, რომ რა პროცესებიც ვითარდება და იმ პოზიციებმა, რაც დაფიქსირდება ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, არ დააზიანოს საქართველოს პოზიცია და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნგრეთის მხრიდან არსებობდეს საქართველოს საკითხზე მტკიცე მხარდაჭერა და კონსენსუსი, რომელიც მიღწეული იქნება წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენთვის იყოს სასარგებლო“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით ბუდაპეშტშია. ვიცე-პრემიერის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან.