"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, 6 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ და ხაზი გაუსვა მთელი რიგი მიმართულებებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მან თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონში შექმნილ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიასა და მის გავლენაზე საქართველოსა და ფართო შავი ზღვის რეგიონზე.
ქართული მხრიდან ცალსახად გაესვა ხაზი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროგრესის აუცილებლობას. თავის მხრივ, მოკავშირეები მიესალმნენ ქვეყნის მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ ხარისხობრივად მაღალი დონის ურთიერთობებს და აქცენტი გააკეთეს დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელების გაგრძელების მნიშვნელობაზე.
ამასთან, ელჩებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისთვის და დააფიქსირეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.