"ჟენევაში როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთის ფედერაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას, ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეც იგივე ვითარება გვქონდა," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ექვსპუნქტიანი შეთანხმების არცერთ პუნქტზე, სამწუხაროდ, პროგრესი არ ფიქსირდება.
„როგორც ყოველთვის, როგორც კი საკითხი მიდის დევნილთა დაბრუნების თემაზე და იწყება საუბარი, რუსეთის ფედერაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამ რაუნდზეც იგივე ვითარება გვქონდა. ამას ემატება ის მძიმე ფონი, რომელიც ჩვენ გვაქვს. პირველ რიგში, ვგულისხმობ თამაზ გინტურის მკვლელობას. აღნიშნულ საკითხზეც აბსოლუტურად არაკონსტრუქციული მიდგომა დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველ წელს ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როდესაც ძალის გამოყენება ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. სამწუხაროდ, წელს ეს მკვლელობით დასრულდა. რუსეთის ფედერაცია ყოველთვის იყენებს ასეთ საკითხებს შანტაჟისა და ზეწოლისთვის, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ ხისტი მიდგომა აქვს რუსეთის ფედერაციას და რამდენად არ წარმოადგენს მისთვის არანაირ მნიშვნელობას ადამიანების ბედი“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.