აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ოთხ რუს ჯარისკაცს ბრალი წაუყენა სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
ვირჯინიის შტატის ფედერალურ სასამართლოში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 2022 წლის აპრილში უკრაინის სოფელ მილოვოში [ხერსონის ოლქი] ოთხმა რუსმა ჯარისკაცმა სახლიდან გაიტაცა ამერიკის მოქალაქე და 10 დღის განმავლობაში აწამა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ გამოიყენა კანონი, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირთა დევნას, ვინც საზღვარგარეთ ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ სჩადის ომის დანაშაულებს.
"ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის რუსეთის პასუხისგებაში მიცემის კუთხით", - დასძინა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.