აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"აღნიშნული პაკეტი, რომელშიც გამოყენებულია შეზღუდული რესურსები, რომელიც რჩება ხელმისაწვდომი უკრაინის დასახმარებლად, უზრუნველყოფს 175 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და აღჭურვილობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის სისტემებისთვის, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, სათადარიგო ნაწილებსა და დამხმარე აღჭურვილობას.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ კონგრესი არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მოთხოვნას უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების შესახებ, ეს იქნება უსაფრთხოების სფეროში დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი.