logo_geo
eng_logo
რექტორი ზურაბ ხონელიძე პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
- +

7 დეკემბერი. 2023. 11:39

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორის, ბატონ ჰაფიზ ფაშაევის პირადი მიწვევით მონაწილეობს მნიშვნელოვან სამეცნიერო-პოლიტიკურ ფორუმში – „ყარაბაღი: დაბრუნება სახლში 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“.

 

2023 წლის 6 დეკემბერს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება, ბატონი ილჰამ ალიევი.

 

ღონისძიების მსვლელობისას შედგა აზერბაიჯანის ლიდერისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა. ბატონმა ზურაბმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს თავისი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ უსახსოვრა და ესაუბრა რეგიონის უსაფრთხოებისათვის ისეთ მნიშვნელოვან ახალ იდეაზე, როგორიცაა საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე დაფუძნებული ქართული სამშვიდობო პლატფორმა.

 

მეგობარი სახელმწიფოს ხელმძღვანელი დაინტერესდა ამ კონცეფციით და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი სრულად ჩაერთვება ამ იდეის რეალიზაციაში. პრეზიდენტმა ალიევმა ბატონ ზურაბს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

მისმა აღმატებულებამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს სთხოვა, რათა გულთბილი მოკითხვა და კეთილი სურვილები გადაეცა მისი მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისათვის, აზერბაიჯანელი ხალხის ძმების – ქართველებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.

 

ფორუმის მუშაობა 7 დეკემბერს დასრულდება. უკვე შეიძლება აღინიშნოს, რომ რექტორ ზურაბ ხონელიძის მონაწილეობა მის მუშაობაში, სხვადასხვა დონის კონტაქტები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი, უდავოდ, არის შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი საერთაშორისო წარმატება და აღიარებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner