საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირიდან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს მოხდა. ამ დრომდე ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, რომელთაგან იდენტიფიცირებულია 288.