„დაპირება ვერ მუასწარი და უკვე დუუწყიენ", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური გზების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც რვა სექტემბერს დაიწყო.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სოფლებში: ასკანაში, მზიანსა და მთისპირში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
„ვხედავთ, რომ სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, სოფლები ვითარდება, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან სასიხარულოა. მზად ვარ, თქვენთან მუდმივ კონტაქტში ვიყო, რათა დროულად გადავჭრა თქვენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები", - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.