ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის მერიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე ისაუბრა იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მერიის და სახელმწიფოს მხარდაჭერა.
„პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით ვიწყებთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემას. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ. კერძოდ: საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ოჯახებს, რომელთაც სტიქიამ საცხოვრისი დაუნგრია და არ აქვთ საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, კომპენსაცია გადაეცემათ 50 000 ლარის ოდენობით; იმ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ან სტიქიის მომენტისთვის ჰქონდათ რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, გადაეცემათ კომპენსაცია 30 000 ლარის ოდენობით,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
ოზურგეთის მერის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებზე გაცემული კომპენსაცია არ გახდება სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების საფუძველი.
„ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 152-მა ოჯახმა უკვე შეძლო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც გადაიგზავნა კომპენსაციის განაცხადთან ერთად. პროცესი რა თქმა უნდა გრძელდება და მზად ვართ დამატებითი კონსულტაცია გავუწიოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არცერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩებს ყურადღების გარეშე,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.