„ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ამ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ორბანის (რაც ნიშნავს უნგრეთის) მხარდაჭერა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია,” - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას სურს, ყველა პოზიტივი ნეგატიურად წარმოაჩინოს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის ღირსების დაცვით და არა ცალ ფეხზე დგომით შეძლო ის, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
„ოპოზიციას სურს, ყველაფერი პოზიტიური ნეგატიურად წარმოაჩინოს. ამასთან, ეტყობათ გაბრაზებული განწყობა იმის გამო, რომ ქვეყანამ “ქართული ოცნების” ხელში მისი მცდელობით და მისი დამსახურებით, ასევე, საზოგადოების უშუალო ჩართულობით მიაღწია ამ შედეგს [კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციას ევროკომისიისგან]. ხედავთ, რომ ორბანი არის საქართველოს ღია ლობისტი ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ისევე, როგორც სხვა ქვეყნები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით, რა თქმა უნდა, ორბანსაც აქვს გარკვეული საკითხები, გარკვეული უკმაყოფილებები ევროპაში. ეს ჩვენი გასარჩევი არ არის. ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ამ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ორბანის (რაც ნიშნავს უნგრეთის) მხარდაჭერა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენი დელეგაცია, მორიგი ვიზიტით და იმავე შინაარსით ეწვია უნგრეთს, რაც აქამდე ვიზიტები კეთდებოდა, როდესაც ჩვენი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპას, ამერიკას ხშირად სტუმრობდნენ, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. რაც შეეხება ოპოზიციას, ამას ჩვენ ვამბობდით, მაგრამ შემდეგ მათ თავადაც დაადასტურეს, რომ მათი გარკვეული წარმომადგენლები ევროპაში ჩადიან არა სტატუსის მისაღებად, არამედ მისი არმიღებისათვის. ბოლოს უკვე საკუთარი გუნდის წევრებს დაადეს ხელი და ამხილეს იმაში, რომ ისინი ხელს უშლიდნენ ქვეყნისათვის სტატუსის მიღებას. სტატუსის მიღება ერთია, მაგრამ ამას კიდევ უფრო მაღალი ფასი აქვს - ჩვენ მოვახერხეთ, რომ ომის გარეშე, საკუთარი ღირსების დაცვით და არა ცალ ფეხზე დგომით მივიღებთ ამ სტატუსს,” - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.