„დასრულდა ბუდაპეშტში ოფიციალური შეხვედრები და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს ვიზიტი წარმატებული იყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად ევროპა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშეა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, სტატუსის მინიჭებას ელოდება მთელი საქართველო და დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება პოზიციური იქნება.
„ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. უნდა აღდგეს ის სამართლიანობა, რაც ერთგვარად, ერთი წლის წინ დარღვეულ იქნა. მაშინაც ვიმსახურებდით, მიუხედავად ამისა, დიდი შრომა ჩაიდო, ყველამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა მივიღოთ სტატუსი. მაქვს იმედი, რომ რამდენიმე დღეში, დეკემბრის შუა რიცხვებში მთელი ჩვენი საზოგადოება იზეიმებს ამ გადაწყვეტილებას და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული სვლა კიდევ უფრო გაგრძელდება. ჩვენ ერთად ვართ და მომავალშიც უფრო გაძლიერდება საქართველოს პოზიციები ევროპაში, რაც ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.