თბილისში დაგეგმილ „ევროკავშირის მარშში“ საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის მართებულობას და ზოგადად ამ მსვლელობის საკითხს შეეხო სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აცხადებს, 9 დეკემბრის აქცია სტატუსის თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ხელმოცარულების გამოჩენის მცდელობაა.
„9 დეკემბერს, პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორის მიერ გამართულ მარშს შეუერთდება ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით. მათ იციან, რომ 15 დეკემბერს სტატუსის მონიჭებას ხელს ვეღარაფერი შეუშლის და დასწრებაზე არიან, როგორმე აღნიშნონ ეს ფაქტი. სინამდვილეში, 9 დეკემბრის აქცია ხელისუფლებასთან პაექრობაა სტატუსის თემაში რომ მთლად ხელმოცარულები არ დარჩნენ.
არადა, ისინი უკვე ხელმოცარულები არიან ქართველ ხალხთან. ამ მარშს ალბათ სათავეში ჩაუდგებიან ის სახეები, რომლებიც ბომბების ცვენას ნატრობდნენ საქართველოში. შესაძლოა შეუერთდნენ ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ევროპაში გამალებით დარბოდნენ, რომ სტატუსი არ მოეცათ. რაც შეეხება პრეზიდენტს, მის ადგილას ამ დღეებში საერთოდ არ გამოვჩნდებოდი.
გვახსოვს მისი ხმამაღალი განაცხადი ევროპიდან, საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნისო. თუ არ გვეკუთვნოდა, ხვალ დაუმსახურებლად მონიჭებულ სტატუსს აღინიშნავს? სხვისი ბრძოლით მოპოვებულ შედეგზე ხელს ითბობენ ის ადამიანები, რომლებიც მთელი ორი წელი ომს ნატრობდნენ ქვეყანაში და რომლებიც მსოფლიოს ამცნობდნენ, რომ საქართველო არ იყო ევროპული ოჯახის ღირსი.
ხვალინდელ აქციას შესაძლოა ერთადერთი სიტყვა მივაწეროთ ტრაფარეტად - „სირცხვილია“! თუმცა, რისიც აქამდე არ რცხვენოდათ, ახლა როგორ უნდა შერცხვეთ?“ - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.