logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „რესპუბლიკელებმა“ პრეზიდენტს „გაუპრავეს“ სასახლეში შესვლა
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:01


 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" რესპუბლიკურ პარტიასა და დავით უსუფაშვილზე საუბრობს. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში უსუფაშვილს არაფერი გაუკეთებია და არ შეუცვლია ის კანონები, რომლებიც შეცვლას საჭიროებდნენ.

 

„გაიხსენოს დავით უსუფაშვილმა და მთლიანად რესპუბლიკურმა პარტიამ, გარდა იმისა, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ, როდესაც მკითხა, რომ საკონსტიტუციო კომისია იქმნება და მის თავმჯდომარეობაზე რას ვიტყოდი, სხვა არავინ არ მიფიქრია, ისეთი წარმოდგენა მქონდა მასზე, რომ სწორედ მას უნდა ეხელმძღვანელა ამ კომისიისთვის. 4 წელიწადია უკვე, რაც უსუფაშვილი ამ კომისიის თავმჯდომარეა. ამ კომისიაში შედის ხმალაძეც, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან კარგი იურისტია. თითი თითზე არ დაუდიათ, არაფერი გაუკეთებიათ ამ ოთხი წლის განმავლობაში. კონსტიტუციაში ძალიან ბევრი რამ იყო შესაცვლელი, რაც მათ არ შეუცვლიათ. ჩვენ ვერ მოვასწარით კონსტიტუციის შეცვლა, „ნაციონალური მოძრაობის" კონსტიტუცია დაგვრჩა, ერთ-ერთი, რაზეც ყველანი ვთანხმდებოდით, საერთო, საჯარო არჩევა არ უნდა მომხდარიყო პრეზიდენტის, რომელსაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს. როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია გვაქვს ჩვენ დღეს, პრეზიდენტის არჩევა საერთო სახალხო არჩევნებით არ უნდა მოხდეს. ამაზე შეთანხმებული ვიყავით ყველა, რომ ეს უნდა შეცვლილიყო. ერთ-ერთი მიზეზი, შევახსენებ რესპუბლიკურ პარტიას, ის, რაც ვუსაყვედურე ადრეც, რომ პრეზიდენტისთვის ესიამოვნებინათ და მათი ახალი მეგობარი გაჩენილიყო, როგორ „გაუპრავეს" ის სიმახინჯე, რომ შევიდა სააკაშვილის სასახლეში. აი, ერთ-ერთი მიზეზი და სხვა კანონებიც კონსტიტუციაში არის დასახვეწი. რესპუბლიკურ პარტიას ეს არ აწყობდა. რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება პარტია და მთავრდება იქ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner