logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მყარი მხარდაჭერა უნგრელი კოლეგების მხრიდან, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე
- +

8 დეკემბერი. 2023. 18:46

 

 

„უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა, რომელიც უნგრეთის ვიცე-პრემიერის მოწვევის საფუძველზე შედგა.

 

„დასრულდა ვიზიტი უნგრეთში, რომელიც შედგა უნგრეთის ვიცე-პრემიერის მოწვევის საფუძველზე. შევხვდით თავად ვიცე-პრემიერს. ასევე, შევხვდით პარლამენტში შესაბამის თანამდებობის პირებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ევროპული საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს. ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრები. იყო ძალიან საინტერესო დისკუსიები ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდებოდა ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა ჩვენი უნგრელი კოლეგების მხრიდან“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

კითხვაზე, უნგრეთშიც ასე ფიქრობენ თუ არა, რომ ერთი წლის წინ საქართველოს დამსახურებულად არ მოექცნენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია.

 

„უნგრეთის ხელისუფლების პოზიცია კანდიდატის საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან ნათელი. ამაზე თავად პრემიერმა, ბატონმა ორბანმაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გაკვირვებული იყო ყველა, როდესაც შარშან საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ობიექტურად საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც და იმსახურებს წელსაც. როდესაც ადამიანი ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით აფასებს არსებულ ვითარებას, ბუნებრივია უალტერნატივოა ის, რომ ქვეყანას ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომავალ კვირაში საბოლოოდ იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner