ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" „თავისუფალ დემოკრატებზე" საუბრობს და ამბობს, რომ ადრე თუ გუნდი ირაკლი ალასანიას შეცდომებს გადაჰყვა, ახლა ასე აღარ არის, ამიტომ აღნიშნავს, რომ მისთვის „თავისუფალი დემოკრატები" დღეს უფრო ჯანსაღად გამოიყურება.
„კოალიციის წევრებიდან თუ ადრე „რესპუბლიკელებს" პირველს ვასახელებდი, ახლა „თავისუფალ დემოკრატებს" დავასახელებდი და ავხსნი, რატომ მირჩევნია „თავისუფალი დემოკრატები" „რესპუბლიკელებს". „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა და გუნდის სხვა წევრები, იმის ნაცვლად, რომ გაესწორებინათ მისი შეცდომები და თვითონ არ გაემეორებინათ, მეგობრობას გადაჰყვნენ. საერთოდ ამ ჯგუფში შეიმჩნეოდა ზედმეტი დომინანტობა ლიდერისა და ამან იმუშავა ძალიან ცუდად. ალასანიას შეცდომები გუნდმა თავისუფლად გაიზიარა და მეგობრობას გადააყოლა და ნაცვლად იმისა, რომ თვითონ ალასანიას მოეხერხებინა და საკუთარ შეცდომებზე გუნდი არ წამოეყვანა, შეეშალა და გუნდიც, ხათრით თუ არ ვიცი, რითი, მას გადაჰყვა. მაგრამ გუნდის წევრებმა მოახერხეს გარდაქმნა, იმ შეცდომებს, რომელსაც ალასანია უფრო და უფრო აღრმავებდა, გუნდი აღარ გადაჰყვა. ამ მხრივ, „თავისუფალი დემოკრატები" ჩემთვის უფრო ჯანსაღად გამოიყურება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.