logo_geo
eng_logo
საქპატენტში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
- +

9 დეკემბერი. 2023. 17:14

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის სფეროში მასშტაბური რეფორმა ხორციელდება," - ამის შესახებ აღნიშნულია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებლ ინფორმაციაში.

 

 

მათივე განცხადებით, რეფორმის ფარგლებში, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს შესაბამისი დირექტივების გათვალისწინებით, თვისობრივად გადაიხედა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად დარეგულირდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის საკითხები. კერძოდ, ახალმა კანონმა იმპერატიულად დაავალდებულა ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის მსურველი ორგანიზაციები, გაიარონ სახელმწიფო აკრედიტაცია. ამასთან ერთად, „საქპატენტს“, როგორც ინტელექტუალური საკუთრების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს, დაეკისრა ვალდებულება, კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად გამოეცხადებინა კონკურსი.

 

 

„აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 2023 წლის 26 სექტემბერს დაიწყო და 26 ნოემბერს დასრულდა. ამ დროის განმავლობაში აკრედიტაციის მისანიჭებლად განაცხადი სამმა ორგანიზაციამ წარმოადგინა.

 

 

„საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა აკრედიტაციის კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: „საქპატენტის“ თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარეცაა; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საქართველოს პარლამენტის 2 წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

 

 

კომისიის სხდომა 8 დეკემბერს, საქპატენტის შენობაში გაიმართა და მას კომისიის ყველა წევრი დაესწრო.

 


კომისიამ, განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იმსჯელა თუ რამდენად შეესაბამება თითოეული კანდიდატი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კანონის აღნიშნული ჩანაწერი იმ ძირითად სტანდარტებს ადგენს, რომელთა დაკმაყოფილება აკრედიტაციის მისაღებად აუცილებელია და ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა, ორგანიზაციის წესდების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ჰონორარების შეგროვებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფლობა, ორგანიზაციაში გამართული მმართველობითი სისტემის არსებობა (რაც თავის მხრივ ითვალისწინებს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს არსებობას, ასევე სავალდებულო დათქმას, რომ ერთი და იგივე პირი ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ შეიძლება გახდეს ხელმძღვანელი). ჩამოთვლილი და კანონით გათვალისწინებული სხვა სტანდარტები ქმნიან შემდგომში აკრედიტებული ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირების გარანტიას.
შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვისთვის აკრედიტაციას მიიღებს მხოლოდ ისეთი ორგანიზაცია/ორგანიზაციები, რომელსაც კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები აქვთ წარმოდგენილი და კომისიის მიერ კონკურსის გზით იქნება შერჩეული.

 

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კომისიას საბოლოო გადაწყვეტილებას აკრედიტაციის განცხადებების მიღებიდან 1-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მიიღებს“, - აცხადებენ „საქპატენტში“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner