logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი ქართული დემოკრატიის საწყისები
- +

9 დეკემბერი. 2023. 18:31

"ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი ქართული დემოკრატიის საწყისები, როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის მხრივ, "– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ზურაბ ჟვანიამ ძალიან მოკლე მონაკვეთში, უდიდესი წვლილი შეიტანა პარლამენტის, პარლამენტარიზმის, პოლიტიკის, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

 

 

„ახლა ვფიქრობდი, მიმართვა როგორ დამეწყო პროტოკოლურად. ფაქტობრივად, საქართველოს უახლესი ისტორიის 30 წლის ყველა თაობა, ასაკობრივადაც და პოლიტიკურადაც წარმოდგენილია აქ, ამ დარბაზში. ფაქტობრივად, თვალწინ იშლება ჩვენი 30 წლის ისტორია, როდესაც საქართველოს პარლამენტის დარბაზს გადახედავს ადამიანი. ამ 30 წლის განმავლობაში, ბევრი იყო რაც გვაერთიანებდა, რაც გვყოფდა. ბევრი ჭირ-ვარამი გადაიტანა საქართველომ, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივმართო მეუფე დანიელს, საპატრიარქოს წარმომადგენელს, ვფიქრობ, ესეც სიმბოლურია, რადგან ჩვენი ეკლესია იყო ყოველთვის ის, რაც გვაერთიანებდა სხვადასხვა პერიოდში. როცა ვსაუბრობთ ზურაბ ჟვანიაზე, მისი როლი ამ მხრივაც განსაკუთრებულია. ფოკას დედათა მონასტერში როდესაც ვიყავი, შემთხვევით გავიგე ისტორია, თუ რა წვლილი ჰქონდა მას ეკლესიის, მათ შორის, ამ მონასტრის წინაშე და ამანაც განსაკუთრებული ემოციური ზემოქმედება მოახდინა. მინდა, მოგესალმოთ პატივცემულო სტუმრებო. დღეს ჩვენ ნამდვილად გვაერთიანებს ზურაბ ჟვანია და პატივისცემა. დღეს ის 60 წლის გახდებოდა. ამ გადასახედიდანაც რთულია გაიაზრო, რომ ამხელა პოლიტიკური დანატოვარის შემქმნელმა ადამიანმა 41 წლის ასაკში დატოვა ჩვენი ქვეყანა, ქართული პოლიტიკა, საზოგადოება და სულ რაღაც 31 წლის იყო, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. ძალიან მოკლე მონაკვეთში, უდიდესი წვლილი შეიტანა პარლამენტის, პარლამენტარიზმის, პოლიტიკის, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ესეც არის საფუძველი, რის გამოც, დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტის სახელით, მას თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დავაჯილდოებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას რთულ პერიოდში მოუწია პოლიტიკაში ყოფნა.

 

 

„მაშინ ნამდვილად პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვიყავით, პოსტსაბჭოთა პოლიტიკა, დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც სავსე იყო ტურბულენტობით, სამოქალაქო ომი, დაპირისპირება შიგნით, რუსეთის არაერთი აგრესია, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ეკონომიკური კოლაფსი – ამ პერიოდში იყო ის ზუსტად ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. აყალიბებდა ქართულ პოლიტიკურ აზრს, იდეოლოგიას, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი, ისე ეკონომიკური მიმართულებით და არამხოლოდ: ის არის პიონერი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით „მწვანეთა მოძრაობის“. აქაც ჩანს მისი შორსმჭვრეტელობა. ის ხედავდა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ზოგადად ჩვენი სამყაროს გამოწვევებს და ის, რაც დღეს არის პოლიტიკის მთავარი თემები, გარემოს დაცვა – ეს თემები, მან ჯერ კიდევ ადრეულ, ახალგაზრდულ პოლიტიკაში დაინახა და ამ თემებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ზურაბ ჟვანიას წვლილი გამორჩეულია. ის იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი ქართული დემოკრატიის საწყისები როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის მხრივ.

 

 

„გვახსოვს ჩვენ მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის განსაკუთრებული როლი და საქართველოს პარლამენტის ცოცხალი დისკუსიები, სხვადასხვა თემა, რომელიც ბევრი ახალი იყო დღესაც კი, საქართველოს პოლიტიკაში, საქართველოს პარლამენტში, გამომდინარე ევროპასთან ჩვენი ინტეგრაციისა. ბევრი ახალი, რთული საკითხი შემოდის, საზოგადოებრივად, ეკონომიკურად რთული საკითხები, რომლის განხილვა და გადაწყვეტაც არის საჭირო. მაშინ რამდენი ისეთი თემა იყო რომ დავფიქრდეთ, რომელიც საზოგადოების კონსოლიდაციას, პოლიტიკურ გამბედაობას საჭიროებდა, რომ საქართველოს სწორი მიმართულება აეღო. ეს ის თაობაა პოლიტიკოსებისა, რომლებმაც საქართველოში სიკვდილით დასჯა გააუქმეს, ეს ის თაობაა, რომელმაც საქართველო ევროსაბჭოში გააწევრიანეს და სწორედ ეს სიტყვები ათქმევინა ამ თაობამ, ამ განვითარებამ და რა თქმა უნდა, თავად ზურაბ ჟვანიას ღვაწლმა, რომ ქართველობა გულისხმობს ევროპელობას. დღეს სწორედ სიმბოლურია, დღეებია დარჩენილი, რომ ევროპულმა საბჭომაც ზუსტად იგივე თქვას, რაც არის ბანალური ჭეშმარიტება, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპა და ყველა ამ გადაწყვეტილებას ველოდებით. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ზურაბ ჟვანიას, მისი მაგვარი პოლიტიკოსების, არამხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო 30 წლის განმავლობაში, არამედ საქართველოს პირველ რესპუბლიკაში, მანამდე, ჩვენი ღვაწლმოსილი წინაპრები, მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისში, მანამდეც – იქნებოდა ეს სულხან-საბა, ფარსმან ქველი – ყველა ეს თაობა, ერთ რამეს გვაჩვენებს, როცა ვუყურებთ ისტორიას და სწორედ ამან ათქმევინა ეს სიტყვები ზურაბ ჟვანიას, რომ საქართველო, არის შემოქმედი ევროპისა.

 

 

ჩვენ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის, რომ ჩამოყალიბებულიყო ქრისტიანული, ევროპული კულტურა, ჩამოყალიბებულიყო, მათ შორის, ევროპული დემოკრატია და აქ საქართველოს პირველი რესპუბლიკა მოწინავე იყო ბევრი მნიშვნელობით, მათ შორის, საყოველთაო საარჩევნო უფლების მხრივაც, მათ შორის, ქალების აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების მხრივ. იცით, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, სადაც მუსლიმი ქალი იქნა არჩეული წარმომადგენლობით ორგანოში, ერთ-ერთი პირველი, სადაც ქალები იქნენ არჩეული პარლამენტში. ჩვენ ევროპული დემოკრატიის შექმნაშიც ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი.

 

 

ჩვენთვის ევროპა იყო ყოველთვის ნაწილი ჩვენი იდენტობისა. სტრუქტურა, შინაარსი ევროპის იცვლებოდა, შეიძლება, თავის დროზე ელინისტური სამყარო იყო ჩვენთვის ევროპა, რაღაც პერიოდში რომი, სხვა კულტურები, მაგრამ ისტორიის ყველა პერიოდში, ჩვენ ვიყავით იმ ევროპის ნაწილი, რაც ითვლებოდა იმ პერიოდში ევროპის ნაწილად. ევროსაბჭო იყო ამ თაობის პოლიტიკოსებისთვის ევროპა და ევროსაბჭოს წევრობა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, იყო სიმბოლო ევროპის ნაწილად გახდომისა. სწორედ ამიტომაც ითქვა ეს სიტყვები, რომ ჩვენ ქართველები ვართ ევროპელები, რომ იმ დღეს კიდევ ერთხელ აღსრულდა და საქართველო სტრუქტურულადაც, ფორმალურადაც გახდა იმ ევროპის ნაწილი, რომელიც იმ მომენტში ითვლებოდა ევროპად. დღეს ევროპის განსახიერება არის ევროკავშირი და ისტორიულადაც ბუნებრივია, ჩვენ ამის პრეტენზიაც გვაქვს და ისტორიული მოთხოვნის უფლებაც გვაქვს, რომ ამ ოჯახის, ამ ევროპის ნაწილი ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ევროპაც სათანადო გადაწყვეტილებებს მიიღებს. დღეს, ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილეს აღნიშვნა არის განსაკუთრებული, ამ კონტექსტშიც. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს წინაშე, საქართველოს პარლამენტის წინაშე, საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების წინაშე. კიდევ ერთხელ ვუფიქრდები, თუ რამდენად ახალგაზრდა ადამიანმა, 31 წლის ასაკში შეძლო ასეთი კარდინალური ცვლილებების შეტანა ქართულ პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ასაკში წავიდა ჩვენგან, ასეთი დიდი დანატოვარი გვაქვს ჩვენ მისგან პარლამენტარიზმის და ქართული დემოკრატიის სახით. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა ზურაბ ჟვანიას ხსოვნის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner