ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალი ძალებიდან, „ქართული ოცნების" შემდეგ „თავისუფალ დემოკრატებს" გამოარჩევდა.
მისი დამოკიდებულება განაპირობა „თავისუფალი დემოკრატების" გუნდმა, რომელიც ირაკლი ალასანიას შეცდომებს წინ აღუდგა.
„თუ არა „ქართული ოცნება", მეორე არჩევანი არის კოალიციის წევრები. კოალიციის წევრებიდან თუ ადრე პირველს „რესპუბლიკელებს" დავასახელებდი, ახლა „თავისუფალ დემოკრატებს" დავასახელებ. პირველ რიგში, ორივეს დავასახელებდი იმიტომ, რომ მათთან არ არის კითხვა ჩვენი ქვეყნის ორიენტაციაზე.
„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ალასანიამ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა. პარტიაში შეინიშნება ზედმეტი დომინანტობა ლიდერის და ამ პროცესმა ცუდად იმუშავა. თავიდან, ალასანიას შეცდომები თავისუფლად გაიზიარა გუნდმა და ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას მოეხერხებინა, ჰყოფნოდა კაცობა და ვაჟკაცობა, საკუთარ შეცდომებზე გუნდი არ წაეყვანა, თვითონ მოიქცა არასწორად. ამის შემდგომ გუნდის წევრებმა მოახერხეს გარდაქმნა. თვითონ გუნდის წევრები მაწვდიდნენ ხმას. მას უფრო ბევრი შეცდომის დაშვება შეეძლო, თუმცა გუნდმა ამის საშუალება არ მისცა. ამ მხრივ, დღეს „დემოკრატები" უფრო ჯანსაღად გამოიყურებიან. მთელი გუნდი ლიდერის შეცდომებს წინ დაუდგა და აღარ გადაჰყვნენ ალასანიას შემდგომ შეცდომებს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების" წევრებთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვს.
„თუმცა, მომდიოდა გარკვეული ინფორმაციები. ბოკერიასთან მეგობრობაც კარგად იკვეთებოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.