"დარწმუნებული ვარ, უნგრეთი და ევროკავშირი მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას უკრაინის საკითხის გარშემო და მას ვერ ექნება გავლენა საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ევროპულმა კომისიამ უკვე გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს სასარგებლოდ.
„უნგრეთს აქვს თავისი მოსაზრებები უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე. ეს არის უნგრეთისა და ევროკავშირის საქმე. ამაზე წარიმართება მოლაპარაკებები და დარწმუნებული ვარ, უნგრეთი და ევროკავშირი მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას ამ საკითხის გარშემო. თვითონ ამას ვერ ექნება გავლენა საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე. ევროპულმა კომისიამ უკვე გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, მათ შორის შესრულდა 12 პრიორიტეტის ქვეშ გაწერილი რეკომენდაციები“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, უნგრეთი კვლავ რჩება საქართველოს მხარდამჭერად.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ოპოზიცია აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. მთელი მათი გზავნილები და პოლიტიკა სწორედ ამაზე იყო აგებული. ისინი პირდაპირ ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ახლაც, როდესაც უნგრეთი ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და არის ჩვენი განსაკუთრებული მხარდამჭერი, თავდასხმა უნგრეთზე აიხსნება მხოლოდ ამ განზრახვით, რომ საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არ წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე.
ასევე, გახსოვთ თავის დროზე თავდასხმები ბატონ ოლივერ ვარჰეიზე, რომელიც არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. ეს ყველაფერი ამას უკავშირდება. მათი თავდასხმები ჩვენს პარტნიორებზე, მეგობრებზე, მხარდამჭერებზე აიხსნება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, საქართველომ არ წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა კობახიძემ.