თბილისში კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია - GITI - გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. ორდღიანი კონფერენცია ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით იმართება, ღონისძიების მხარდამჭერები არიან USAD, GIZ და UNDP.
„საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ინოვაციებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ვხედავთ ინოვაციას, როგორც ფუნდამენტს გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან დადებითად შეაფასა ისეთი სადისკუსიო პლატფორმის არსებობა, როგორიცაა GITI და აღნიშნა, რომ ეს არის ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს ამ სფეროში საჯარო და კერძო სექტორის უახლესი მიღწევების, განვითარების პროგრესის და გამოწვევების წარმოჩენას, მონაწილეებს შორის პარტნიორული კავშირების დამყარებას და ცოდნის გაზიარებას.
ვახტანგ ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესზე და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, საყოველთაო ინტერნეტიზაციაზე, კანონზე „ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“, რომელიც ხელს უწყობს ნაკლები დანახარჯებით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელების განვითარებას. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებზე, მათ შორის ქალებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ციფრული ინკლუზიის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა ქვეყანაში ციფრული ჰაბის ფორმირება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს ტერიტორიაზე და შავ ზღვაში, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონალური „დატა ცენტების“ ფორმირებას, რაც დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მასში ჩართული ყველა მხარის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. მისი თქმით, ასევე დიდი ძალისხმევაა მიმართული საქართველოს ციფრული ბაზრის ევროკავშირის ციფრულ ერთიან ბაზართან ინტეგრაციის მიმართულებით.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში. მათ შორის, გაიმართება დებატები ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა მართვის, ციფრული განათლების, ფინტექის, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების და სხვა აქტუალურ საკითხებზე. წლევანდელ კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან. ღონისძიების მიმდინარეობისას ასევე გაიმართება IT კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.