logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ყველა უკანონობაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას ეკისრება
- +

11 დეკემბერი. 2023. 14:24

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, კომიტეტის სხდომაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა და მომხდარი შემაშფოთებელ და უმძიმეს ფაქტად შეაფასა.

 

„ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რუსული ოკუპაციაა. ამ პრობლემების სხვადასხვა გამოვლინებას, რაც ოკუპაციას უკავშირდება, სამწუხაროდ, ყოველდღიურად საკუთარ თავზე სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების სახით ცდის ჩვენი მოსახლეობა. ნებისმიერი პირი, რომელიც არის ბრალდებული და შემჩნეული საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევაში, მკვლელობაში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში და სხვა უკანონო აქტივობაში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება, არ დარჩება დაუსჯელი რა დროც არ უნდა გავიდეს და სადაც არ უნდა წავიდეს, სამართალი ყველგან მიაკითხავს.

 

ყველა უკანონობაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოზე გაიზარდოს ზეწოლა და ეს ზეწოლა უნდა იყოს მტკივნეული და უნივერსალური, რათა ოკუპანტმა სახელმწიფომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

მისივე თქმით, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში,  ორმხრივ და სხვადასხვა  პლატფორმებზე, საქართველოს პარტნიორებთან შეხვედრებზე, ქართული დელეგაციის სასაუბრო თემები, საქართველოს  რეგიონების ოკუპაცია და ამ რეგიონების დეოკუპაციაა.

 

„მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამთ  ჩვენს პარტნიორებთან, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდასთან ერთად არის ასევე შესაბამისი ტერმინოლოგიური სიზუსტეები - ოკუპაცია არის ოკუპაცია და სხვა არაფერი და აუცილებელია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც  სრულფასოვნად გააცნობიერონ და შესაბამის დოკუმენტებში ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner