საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელოვნურად მართული პროცესები მიმდინარეობს.
ღუდუშაურის თქმით, პარტიაში როლებია გადანაწილებული და სინამდვილეში, მელია და სხვა ახალი განშტოებები ერთი ქოლგის ნაწილია.
„2024 წელს ის ბოროტი ძალები დამარცხდებიან, რომელთაც ქვეყნის წინსვლა და პროგრესი ორგანულად ეზიზღებათ. „ნაციონალური მოძრაობა“ კრიზისს განიცდის და დაშლის პირას არიან. რასაც ამ პარტიაში ვხედავთ, ესეც ხელოვნურად მართული პროცესია. თუ ამ ყველაფერს ლოგიკურ ჯაჭვში ჩავსვამთ, ვნახავთ, რომ როლებია გადანაწილებული. გაიხსენეთ ე.წ. ფორმალური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც პარლამენტში გააკეთა და უნებლიედ წამოცდა. დაწერილი სცენარი იყო. სალომე ზურაბიშვილი და სხვები ამ სცენარის ნაწილი არიან საჭადრაკო დაფაზე. მას წამოსცდა, რომ უკეთესი სურათის შექმნისთვის კარგი იქნება, დეპუტატები სხვადასხვა პოზიციაზე განლაგდნენ, ვიღაც დარბაზში არ შემოვიდეს, ვიღაც ტრიბუნასთან დადგეს, ვიღაც პარლამენტის ღობესთან, ვიღაც გიმნაზიასთან. ხედავთ, რომ როლებია გადანაწილებული. „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ფესვის ამონაყარზე წამოწეულია ახალი განშტოებები, მელია და სხვები. ეს არის ერთი დიდი ქოლგა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის. სცენარი გაწერილია და მისი ნაწილი იყო მათი ბელადის არაჟნებით შემოსვლაც. თუმცა, არაერთი ასეთი ჩავარდნილი პროექტი ვიხილეთ. ვერცერთი ასეთი პროექტი წარმატებული ვერ იქნება. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ ბარიერის გადალახვის პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ გახარიას, „ლელოს“ პულსი არ ესინჯებათ. რა თქმა უნდა, ისინი გააქტიურდებიან, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია და მათ პასუხს გასცემს. შეეცდებიან, ბარიერი გადალახვინონ, იქნება მცდელობა, თითქოს რეიტინგი აქვთ, მაგრამ ხალხმა იცის, რას წარმოდგენენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.