ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ადამიანები არიან თავისუფლები და მათი უფლებები დაცულია. ივანიშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ხალხის სამსახურშია.
„სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე მორგებული, სახელმწიფო ფასდება იმით, რამდენად თავისუფალია ადამიანი და რამდენად დაცულია მისი უფლებები. დღეს ილიას მკვლელობიდან 109-ე წლისთავია და თუ გავიხსენებთ, ილიაც ძალიან ბევრს წერდა ამაზე და იბრძოდა, რომ სახელმწიფო ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ერთი კაცის სამსახურში იყო მთელი სახელმწიფო, მთელი საზოგადოება ერთ კაცს, ამ პატარა ჯგუფს ემსახურებოდა, რომელიც დღესაც ბობოქრობს და ოცნებობს დაბრუნებაზე. ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ძირეული რაც მოხდა, დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურშია. რეფორმები უნდა გაგრძელდეს, დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გამყარდეს. რამდენიმე წელიწადი კიდევ სჭირდება ამ ყველაფერს და 2030 წლამდე თუ გაგრძელდება ეს რეფორმები, ჩვენ გვექნება მყარი სახელმწიფო და ქართველები ვიცხოვრებთ ევროპელების მსგავსად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.