ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ერთად, ახალ საგანმანათლებლო ინიციატივას თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“ იწყებს. მასში მონაწილეობას მიიღებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის 100-მდე მოსწავლე.
პარლამენტში გამართული პირველი შეხვედრისას, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
„მნიშვნელოვანია მომავალ თაობასთან მუშობა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამდე განვლილი გზა, გადადგმული ნაბიჯები და მომზადებული შეხვდნენ საქართველოს ისტორიის ახალ ეტაპს, რომელიც ევროკავშირის წევრობით დაიწყება. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ თაობის წარმომადგენლებთან მუშობა, რომლებიც უახლოეს წლებში აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას დაიწყებენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული როლი აღნიშნა.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებზეც გვაქვს ყველაზე მთავარი გათვლა. საქართველო თქვენთან ერთად უნდა შევიდეს ევროპის დიდ ოჯახში. იმისთვის, რომ ჩვენ სწორად შევიდეთ ამ ოჯახში და ყველაფერი გაკეთდეს ისე, როგორც ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელია ისტორიულად, საჭირო არის გქონდეთ მეტი ინფორმაცია და ცოდნა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
საგანმანათლებლო პროექტი დღეს დაიწყო და 2024 წლის მაისამდე გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, 15-20 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფები საქართველოს პარლამენტს ეწვევიან და მათთვის სპეციალურად მომზადებული 4-დღიანი პროგრამის შესაბამისად, გაეცნობიან პარლამენტის როლს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
პროექტის ფარგლებში, პარლამენტის წევრებთან შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა თემებზე, კერძოდ: საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობის მოკლე ისტორია და მიმართულებები; საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში; ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა; ერასმუს+ პროგრამის მიმოხილვა, ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები განათლების სფეროში.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ასევე მოიაზრება, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის განხორციელების კონტექსტში, რომელიც შეეხება ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლას.
პროგრამით გათვალისწინებულია მოსწავლეების როგორც საკომიტეტო ასევე, პლენარულ სხდომებზე დასწრება.
პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.