"ის რასაც ახლა აკეთებს, ამას თავისი სახელი უკვე დაერქვა, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ე.წ პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციის მთავარი გარანტი უნდა ყოფილიყო, უკაცრავად ამ მძიმე გამოთქმისთვის, მაგრამ თავზე გადაიხია კონსტიტუცია, ისე რომ არც დაფიქრდა," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ეს ქმედება არის კონსტიტუციის დარღვევა, აგრძელებს იმავეს. მთავარია, ამის შესახებ ჩვენი მხრიდან მყარად იყო დაფიქსირებული, სახელი დავარქვით და მას იმგვარი ლეგიტიმაცია, როგორიც აქვთ პრეზიდენტებს აღარ აქვს. ეს გარკვეულ საკითხებში გვშველის. მაგალითად, ამან გვიშველა ჩინეთის პრეზიდენტთან გაკეთებული განცხადების დროს. რომ არა მისი არალეგიტიმურად გამოცხადების აქტი, რა დღეში, რა უხერხულობაში ჩავვარდებოდით ჩინელი კოლეგების მიმართ, მაშინ როდესაც სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და პარტნიორობაზე ვსაუბრობთ და ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტი ლანძღავს და დასაჭერს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს. ეს ხდებოდა იმ ფონზე, რომ ამ ქალბატონისთვის იმპიჩმენტი უკვე გამოცხადებული გვქონდა, ასე რომ არ ყოფილიყო, შედეგები ალბათ რა იქნებოდა მარტივი განსასაზღვრია“, - განაცხადა მდინარაძემ.