"მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განვიხილავთ კანონს, რომელიც შეეხება ლამინირებულ პირადობის მოწმობებს," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საკითხი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან შეათანხმა, ამიტომ იმედი აქვს, რომ რაიმე ინსინუაციებს აღარ გამოიწვევს.
„მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განვიხილავთ კანონს, რომელიც შეეხება ლამინირებულ პირადობის მოწმობებს. უკვე იცით და ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ, რომ 2024 წლის 1 ივლისს გაუქმდება 2011 წლამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა. ეს ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ ჯერ ერთი ფიზიკურად ვნახოთ რამდენი ადამიანია ამომრჩეველი, რადგან ეს სულ საკამათო საკითხი იყო. შევძლებთ, რომ იდენტიფიცირება მოვახდინოთ რეალური ამომრჩევლის. აბსოლუტურად გავითავისუფლოთ თავი მანიპულაციური, პროვოკაციული ნეგატიური კამპანიისგან, რაც ხდება ხოლმე არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით. ის ადამიანები, ვინც აიღებენ ახალ მოწმობებს, შეძლებენ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ვინც სხვადასხვა მოსაზრების გამო უარს იტყვის ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, მათ კვლავ ექნებათ საშუალება აიღონ ლამინირებული პირადობის მოწმობა. ყოველ შემთხვევაში, დღეს რომ არის გაცემული 200 000-ზე მეტი [ლამინირებული პირადობა], მსგავსი რაოდენობა არ იქნება ამის მსურველი. ეს თემა აბსოლუტურად იხურება და ბატონი ფრიდონ ინჯიას ინიციატივასთან ერთად ყოველგვარი რისკები გამოირიცხება. ეს საკითხი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შევათანხმეთ ოპოზიციასთან, უფრო მეტიც, მათთან ერთად გადავწყვიტეთ, ამიტომ მგონია, რომ ეს საკითხი აღარ გამოიწვევს რაიმე ინსინუაციებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.