იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება განიხილა. კანონპროექტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიმართ პაემნის, სატელეფონო საუბრისა ან/და მიმოწერის შეზღუდვის თაობაზე არაუმეტეს 90 დღის ვადით. შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შეზღუდვის მოქმედების ვადის ყოველი გაგრძელება დასაშვები იქნება არაუმეტეს 90 დღით.
სასამართლო უფლებამოსილი იქნება შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორს უფლება ექნება, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ბრალდებულის მიმართ პაემნის, სატელეფონო საუბრისა ან/და მიმოწერის შეზღუდვის თაობაზე. დადგენილების გამოტანიდან 24 საათის განმავლობაში პროკურორმა უნდა შეატყობინოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით და უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა საპროცესო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ, რომლებიც ასაბუთებს საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლოს განჩინებას სასამართლო აღსასრულებლად დაუყოვნებლივ გადასცემს სპეციალურ პენიტენციური სამსახურს.
ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აისახება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 22 ნოემბერს საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამოტანილი გადაწყვეტილების არსი.
„აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის („ბრალდებულის პაემანი“) პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, „ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.“ ეს ნორმა მიჩნეული იქნა არაკონსტიტუციურად პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებაში. ჩვენ ეს სარჩელი ვცანით სრულად, ვინაიდან ბლანკეტური დანაწესი იყო და საქართველოს პარლამენტმა, ამ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობის ჯგუფმა ჩემი ხელმძღვანელობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ნორმა კონსტიტუციურობის თვალსაზრისით სათანადო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და საჭირო იყო მისი მკაფიოდ გაწერა. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა, რომ ზოგადად, რა თქმა უნდა, ბრალდებულისათვის შესაძლებელია პაემნის, მიმოწერის უფლების შეზღუდვა, თუმცა ამას სჭირდება შესაბამისი კომპონენტები, შესაბამისი ხანგრძლივობა და თუ არ არსებობს გარემოება, რომელიც თავდაპირველად უფლების შეზღუდვის საფუძველს ქმნიდა, ამ შემთხვევაში გადაიხედოს ეს საკითხი. ასევე, არ იყო სასამართლოს კონტროლის სივრცეც“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.