logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ევროპულმა ქვეყნებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანეს
- +

12 სექტემბერი. 2016. 13:46



გადაცემა „იმედის დროში" შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენბურ სიტუაციაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ოპონენტების მტკიცება, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ისეთმა ევროპულმა ქვეყნებმა, როგორიც არის საფრანგეთი, ბელგია და ავსტრია, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უსაფრთხოების დონე საქართველოში მაღალია.


აქვე მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს პოლიცია დანაშაულს ცხელ კვალზე ხსნის, რაც დიდი პროფესიონალიზმზე მეტყველებს.



„როდესაც ადამიანის გარდაცვალებაზე ვსაუბრობთ, მითუმეტეს ძალადობრივ სიკვდილზე, ეს ტრაგედიაა ყველასთვის.

 

გახმაურებული მკვლელობები ცხელ კვალზე გაიხსნა. ეს მიუთითებს პოლიციის მაღალ პროფესიონალიზმზე და კარგ მუშაობაზე. თუ სტატისტიკას გადავხედათ, მოცემული ციფრები არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაზრდილია, პირიქით, საგრძნობლად დაიკლო მძიმე დანაშაულების რაოდენობამ ჩვენს ქვეყანაში.

 

ოპოზიციის მტკიცება, რომ ეს პირიქით არის და დანაშაულები ქვეყანაში გაზრდილია, არასწორია. ბოლო კვირის განმავლობაში ორი საკმაოდ გახმაურებული მკვლელობა მოხდა, რამაც შესაძლოა არასწორი შთაბეჭდილება გაუჩინა ჩვენს მოსახლეობას გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მიმართულებით საგანგაშო ვითარება ჩვენ არ გვაქვს.

 

დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება, მაგრამ მთავარია, რას ვუპირისპირებთ ჩვენ კრიმინალს.

 

ისეთმა ევროპულმა ქვეყნებმა, როგორიც არის საფრანგეთი, ავსტრია, ბულგარეთი, ბელგია, შეგვიყვანეს უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში, რომელსაც გარკვეული კრიტერიუმები აქვს. ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი კრიმინალის დაბალი დონე და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტია, ასე რომ, მხოლოდ ჩვენი ოპონენტები საუბრობენ კრიმინალის გაზრდაზე, ფაქტები კი სულ სხვა რამეზე მეტყველებს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner