logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ბუნდესტაგში საგარეო და ევროპის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
- +

12 დეკემბერი. 2023. 11:53

 

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს და ბუნდესტაგის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდნენ.

 

შეხვედრებისას განხილვის მთავარ თემას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი და 15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომა წარმოადგენდა.

 

მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და 9 ნაბიჯის შესრულების გეგმა, რომელზეც მუშაობას საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე დაიწყებს.

 

გერმანულმა მხარემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ დაეხმაროს საქართველოს 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

 

შეხვედრებზე ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, საქართველოს სამშვიდობო როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, უკრაინაში მიმდინარე ომი, შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა.

 

გერმანელმა დეპუტატებმა ქართველ კანონმდებლებს მიაწოდეს ინფორმაცია გერმანიის შიდაპოლიტიკური პროცესების შესახებ და გაუზიარეს მათი პარტიების ხედვა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.

 

„ჩვენმა გერმანელმა მეგობრებმა დაგვიდასტურეს სრული მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზაობა, რომ პრაქტიკული მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში.

 

საქართველოს და გერმანიას შორის საპარლამენტო კავშირები დღეს არის ისტორიულ მაქსიმუმზე, რასაც ადასტურებს მხოლოდ წელს განხორციელებული ათამდე საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გერმანიიდან საქართველოში. ვმუშაობთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ბერლინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში, რომელსაც  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, ასევე შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner