„ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი შენდება, რომლის შემადგენელიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება. ოდესღაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჩემი იდეა იყო. დაახლოებით 10 წლის წინ მქონდა ამის აშენების სურვილი. ასეთი პროექტის განხორციელება არ არის მარტივი. თბილისში 2006 -ში უკვე ვაპირებდით პროექტის დაწყებას",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ისაუბრა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მაშტაბები არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა შეძლოს ამერიკული და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება.
„საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდა ქუთაისში, რომელიც იქნება გაცილებით მასშტაბური, ვიდრე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქის შემადგენელი, რომელიც 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. ვფიქრობთ, რომ დასავლეთს მთლიანად დააკმაყოფილებს. ვიხილავთ რეგიონიდანაც და საზღვარგარეთიდანაც ბევრ სტუდენტს, თუ ჩვენ დავაკმაყოფილებთ სტანდარტებს. მთავარი არ არის, აქ რომ მილიონ კვადრატულ შენობას ავაშენებთ, მთავარია, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა საზღვარგარეთაც შეძლოს თავისუფლად მუშაობა. ჩვენ ამერიკული და ევროპული სტნდარტი უნდა დავიცვათ. აქ კურსდამთავრებული უნდა იყოს როგორც ამერიკის უნივერსიტეტში კურსდამთავრებული.
თბილისის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც დავაფუძნეთ რამდენიმე თვის წინ. მეგა პროექტი დავარქვით, რამეთუ ის გახდება ექსპერიმენტარული ბაზა რამდენიმე მიმართულებით - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ჯანდაცვა და ა.შ. ეს ორი პროექტი ერთამანეთს სჭირდება, რამეთუ სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე უნდა მოვახერხოთ და აღვზარდოთ ბევრი მეცნიერი, მაგისტრი და დოქტორანტი, რომლებიც იმუშავებენ პროფესორ-მასწავლებლებად ახალ უნივერსიტეტში. საზღვარგარეთიდანაც მოვიწვევთ ბევრ ლექტორს. ჩვენ გვყავს გარკვეული შემადგენლობა პროფესორ-მასწავლებლების, რომლებიც დასაქმდებიან ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში. ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი გახლდათ. ისტორიული დანიშნულება უნდა დაიბრუნოს და არა მარტო ეს. ქუთაისი ინდუსტრიული ქალაქიც გახლდათ. ამასთან დაკავშირებით მთავრობას აქვს სტრატეგიული გეგმა. მეც აქტიურად ჩავერთვები, რომ ქუთაისი აღორძინდეს",- განაცხადა ივანიშვილმა.